დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

საახალწლო ბლოგი

საახალწლო ბლოგი

ვფიქრობ, რომ დღესასწაულები დრაკარივით ნოსტალგიური ხალხის მოგონილია. ყოველ წელს ერთი და იგივე თარიღის აღნიშვნა სწორედ ძველი მოგონებების გაცოცხლებაა, ახალი წელი კი ყველაზე ნოსტალგიური დღესასწაულია დღესასწაულთა შორის.

დღევანდელი ბლოგი სწორედ ამის შესახებაა, თუ რა მოგონებები და შეგრძნებები ცოცხლდება ახალ წელს ჩვენში, ამ შემთხვევაში მე ჩემს პირად შეგრძნებებზე მოგიყვებით.

1. სანამ თოვლის ბაბუა სანტა-კლაუსის ვიზუალით ჩაჯდებოდა ჩემს წარმოსახვაში, მანამდე ის თეთრი ლურჯყვავილებიანი ხალათით და თეთრი ფეხსაცმლით წარმომედგინა და ამაში „დამნაშავე“ ჩემი მამიდაშვილი შორენა იყო, რადგან ერთხელ სწორედ ასე გამოწყობილი მოვიდა თოვლის ბაბუის როლში. სანამ ჩემს შეშინებულ ძმას ყურში ვეჩურჩულებოდი, მოდი ლექსები მოვუყვეთ და კანფეტები გამოვართვათ-მეთქი, ჩემი დაკვირვებული ძმა ბოლო ხმაზე აღრიალდა, რატომ აცვია თოვლის ბაბუას დედიკოს ხალათი და შორენას „ტუფლებიო“ 🎅

2. 90-იანების ბავშვები დამეთანხმებიან, რომ ნაძვის ხის ქვეშ შეფუთული საჩუქრები ნაკლებად გვხვდებოდა, თუმცა თოვლის ბაბუის გულუხვობა კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც არ დამიყენებია, ბალიშის ქვეშ რომ შოკოლადებს მიტოვებდა, მაგითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი 🍬

3. ყველაზე ტკბილი საახალწლო მოგონება მაინც ბევრი მანდარინია. ახალი წელი იყო დრო, როდესაც არავინ გიშლიდა ბევრი მანდარინის ჭამას და ამიტომ ჩემთვის ახალ წელს მკვეთრად მანდარინის სუნი ასდის.

4. „მარტო სახლში“... ამ ფილმის გარეშე ახალი წელი არ დგება... გონებამახვილი კევინი, თავისი მაგარი ქუდებით, ულამაზესი ნაქსოვი ჯემპრებით, დიდი ნაძვის ხით , დიდი ლამაზი სახლით და ფილმის განუმეორებელი მუსიკით, დღემდე ახალი წლის ყველაზე საყვარელი მოგონებაა...

5. ნაძვის ხე... სულ დიდ და ლამაზად მორთულ ნაძვის

ხეზე ვოცნებობდი მთელი ბავშვობა, მაგრამ ჩვენი საბჭოთა ნაძვის ხეც ძალიან მიყვარდა, პრობლემა უფრო ის იყო, რომ არასდროს იყო საკმარისი სათამაშოები მის მოსართავად და ჩვენი მორთული ნაძვის ხე ძაან ეულად გამოიყურებოდა კანტიკუნტად შებმული სათამაშოებით. აი სწორედ აქ გაუნათდა გონება ჩემს კრეატიულ ძმას და ჩვენი ნაძვის ხე გადავჭერით. მართალია ზომაში კი დაპატარავდა, მაგრამ სამაგიეროდ ამის შემდეგ სათამაშოების დეფიციტი ნამდვილად აღარ ეტყობოდა 🎄

6. უფრო მტკივნეული მოგონებებიც მაქვს. სულ ვოცნებობდი, ვინმეს მეკვლე ვყოფილიყავი, მაგრამ გამოიცანით მთელი სამეზობლო ვის ეპატიჟებოდა სულ მეკვლედ? რა თქმა უნდა, ჩემს ძმას და სახლში უამრავი ტკბილეულით დახუნძლულსაც უშვებდნენ. ცოტა რომ გავიზარდე, ჩემს მეგობარს დაბადების დღეს ღამის თორმეტ საათზე ვულოცავდი ხოლმე და ამით გადავლახე ბავშვობის ეს ტრამვა.

7. ეს სია, რომ უსასრულო არ გამოვიდეს, მთავარს დავწერ. ყველაზე საუკეთესო განცდაც, შეგრძნებაც და მოგონებაც ის მომენტია, როდესაც ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ წუთს, ძლივს მოსწრებულ გაშლილ სუფრას მთელი ოჯახი შემოუსხდება და გადაწეულ ფარდებში ფეიერვერკების საოცარი სანახაობისა და ბათქა-ბუთქის თანხლებით, ყვირილით ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს და ყველაზე ყველაზე ბავშვური, სუფთა და ნათელი სურვილებით არიან სავსე.

იმედი... იმედი კი ისაა, რასაც ყოველი ახალი წელი გვაძლევს უპირობოდ. გვაძლევდა 90-იანებშიც, როცა სახლში ისევე ციოდა, როგორც გარეთ, როცა ფეიერვერკების ნაცვლად თოფების ხმა შემოდიოდა, როცა შუქი არ იყო და სანთლის შუქზე ვხვდებოდით ახალ წელს საიდანღაც სასწაულებრივად შეკოწიწებული საახალწლო ვახშმით. გვაძლევდა მაშინაც როდესაც ახალ წელს ერთი ოჯახის წევრით ნაკლებნი ვხვდებოდით, მერე კიდევ ნაკლებნი... კიდევ ნაკლებნი... გვაძლევს ახლაც, როდესაც პანდემიის წლებით დამძიმებულები უამრავ ახლობელს თუ არაახლობელს ვკარგავთ, თამამად ვეღარ მივდივართ ერთმანეთთან სტუმრად და ვეღარც მეგობრებს ვეპატიჟებით მეკვლედ და მოგვცემს მომავალშიც, რადგან ახალი წელი არის ახალი ცხოვრების, ახალი ძალით ავსების, დროის შეცვლის ძალიან გარდამტეხი მომენტი და იმედზე მეტი ჯადოსნობა რაღა უნდა იყოს... ესაა ის მაგია, რითაც მთელი ბავშვობა გამოვიარეთ და დღემდე მოვედით და გვჯერა, რომ ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება ☃️

ბედნიერ წინასაახალწლო დღეებს გისურვებთ და ტკბილი, ტკბილი მოგონობებით დახუნძლულ ბედნიერ წლებს.

პ.ს. გაგვიხარდება, თუ თქვენს მოგონებებს და ასოციაციებსაც გაგვიზიარებთ.